ლუკაშენკა უკრაინის კონტრშეტევას "დეზინფორმაციად“ მიიჩნევს და კიევს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ასევე თქვა, რომ უკრაინის არმიას კონტრშეტევის პოტენციალი არ აქვს

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კვლავ მოუწოდა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ, "ურთიერთპატივისცემის" დიალოგის საფუძველზე. ამის შესახებ მან მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ თანახმად, ამ შეხვედრაზე ლუკაშენკას უთქვამს, რომ უკრაინის არმიას, სავარაუდოდ, კონტრშეტევის პოტენციალი არ აქვს.

"უნდა ითქვას, რომ ეს "კონტრშეტევა" ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა. ჩემი აზრით, არავითარი "კონტრშეტევა" არ არის და არც შეიძლება იყოს. ფრონტზე ბრძოლა თანაფარდობით ერთი ხუთთან - ეს უბრალოდ სიგიჟეა!", - განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა უკრაინას კვლავ მოუწოდა მოლაპარაკებისკენ და განაცხადა, რომ მინსკი არ არის დაინტერესებული ვითარების დაძაბვით, რაშიც მას უკრაინის ხელისუფლება ადანაშაულებს.

„იმის ნაცვლად, რომ ამ კონფლიქტის ესკალაციასა და დაპირისპირებაში დაგვადანაშაულონ, საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. აიღეთ არა ძველი დოკუმენტი (რომელიც რუსეთის შეჭრამდე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის დროს შეიქმნა. რედ), არამედ ახალი, რათა ომი შეწყდეს“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

31 მარტს პარლამენტის ორივე პალატისა და მოსახლეობისადმი თავის ყოველწლიური მიმართვის დროს ლუკაშენკამ ასეთი მოწოდება უკვე გააკეთა.

13 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფარგლებში მალე გადაიდგმება "მნიშვნელოვანი ნაბიჯები".