ნორვეგიაში გაქცეულმა „ვაგნერის“ წევრმა რუსეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

ანდრეი მედვედევი, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრი

ნორვეგიაში გაქცეულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურმა, ანდრეი მედვედევმა, რუსეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ის აცხადებს, რომ დახმარებისთვის ოსლოში რუსეთის საელჩოს მიმართა.

"იუტუბის" არხით გავრცელებულ ვიდეოში მედვედევი ამბობს, რომ მისი ვინაობის დადასტურების თხოვნით დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებმა 18 მაისს ტომსკში უნდა გაგზავნონ შეკითხვა. არხზე, რომელიც 17 მაისს შეიქმნა, რამდენიმე ვიდეოა გამოქვეყნებული. ერთ-ერთში, რომელსაც ასობით ნახვა აქვს, მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

„ბევრი გაუგებრობა ხდება, თავს ვგრძნობ პატარა ბიჭად ამ დიდ თამაშში. იმედი მქონდა, რომ აქ ცხოვრებას ავაწყობდი, გავეცლებოდი მთელი ამ ომის პოლიტიკას, არმიას, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა“, - აცხადებს „ვაგნერის“ ყოფილი წევრი.

მან თქვა, რომ დაბრუნება რუსეთში საშიშია მისი სიცოცხლისთვის. "ვნახოთ, როგორ მიდის საქმე რუსეთში. მოგკლავენ - ოკ. არ მოგკლავენ - მადლობა. თუ ისინი საშუალებას მოგცემენ იცხოვრო, კიდევ უფრო მეტი მადლობა“, - ამბობს ანდრეი მედვედევი.

ნორვეგიის ხელისუფლებას მედვედევის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", ერთ-ერთი დანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი მედვედევმა პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიისგან მიმდინარე წლის იანვარში ითხოვა.

ასევე ნახეთ

Gulagu.net: "ვაგნერის" ყოფილმა მეთაურმა თავშესაფარი ითხოვა ნორვეგიაში

ყოფილი "ვაგნერელი" დაცვასთან ერთად ჩაიყვანეს დედაქალაქ ოსლოში, სადაც დაასახლეს მიგრაციული კანონების დამრღვევთათვის განკუთვნილ ცენტრში.

ტომსკის ოლქის მკვიდრმა მედვედევმა "ვაგნერთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა, ოთხი თვის ვადით. ის ლუგანსკის ოლქში მიავლინეს და ერთ-ერთი ქვედანაყოფი ჩააბარეს. მედვედევი ამბობს, რომ მონაწილეობდა ბრძოლებში ბახმუტის სიახლოვეს და იყო ყოფილი მსჯავრდადებულის, ევგენი ნუჟინის მეთაური. ნუჟინი, როგორც ვარაუდობენ, "ვაგნერის" წევრებმა უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მოკლეს.