რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზად არის გადასცეს კიევს ამერიკული f-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები, მაგრამ თვითმფრინავის მაღალი ღირებულების გამო, შეერთებული შტატები არ აძლევს მათ უკრაინელი მფრინავების მომზადების საშუალებას. ამის შესახებ The New York Times-ი მაღალი რანგის უკრაინელ მოხელეზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, შეერთებული შტატების ნებართვის გარეშე, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს მხოლოდ თვითმფრინავის ტექნიკური ენა გააცნონ და ჩაუტარონ გაკვეთილები ტაქტიკაში.
ამავე დროს, ვაშინგტონს სურს, ყურადღება გაამახვილოს სხვა იარაღის მიწოდებაზე, აცხადებს წყარო. მან არ გამორიცხა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მისცემს სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის F-16-ის მიწოდების ნებართვას.
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო კიევისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის წინააღმდეგი არ არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
უკრაინამ არაერთხელ მოითხოვა F-16-ის გადაცემა შეერთებული შტატებისგან, მაგრამ უარი მიიღო. ნიდერლანდმა, დანიამ და ბელგიამ უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან კიევისთვის თავიანთი გამანადგურებლების გადასაცემად. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, საერთო ჯამში, ამ ქვეყნებს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი 25 ერთეული F-16-ის გადაცემა შეუძლიათ.
რუსეთისთვის ჰაერში წინააღმდეგობის გასაწევად, კიევის თქმით, მას დაახლოებით 180 თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავი ესაჭიროება. როგორც New York Times-ი განმარტავს, უკრაინა ამჟამად რამდენიმე ათეულ F-16-ს ითხოვს.
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდი „გამანადგურებელთა კოალიციას“ შექმნიან, უკრაინისათვის F-16 ტიპის თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავების შესაძენად, რომლებიც კიევს სახმელეთო კონტრშეტევის საავიაციო მხარდაჭერისთვის სჭირდება.
საერთაშორისო კოალიციის შექმნის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ევროპული ტურნეს დასრულებისას, ჯერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადეს, შემდეგ კი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ეს ამბავი მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმაც აცნობა.
ასევე ნახეთ
„გამანადგურებელთა კოალიცია“ და მშვიდობის ფონდი უკრაინისთვისამერიკული წარმოების F-16-ების უკრაინის არმიისთვის გადაცემას ვაშინგტონის ნებართვა სჭირდება. აქამდე თეთრმა სახლმა ოფიციალურად უარი თქვა კიევის ამ ტიპის იარაღით უზრუნველყოფაზე და ამის მიზეზად დასახელდა პილოტების მომზადებასა და თვითმფრინავების მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების წინაშე მათი შედარებითი დაუცველობა. მაგრამ უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც კონგრესი და თეთრი სახლი ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეძლებენ.