ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს გეგმავს ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 17 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ვიზიტის შესახებ 27 აპრილს გაგზავნილ მიმართვაზე პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია.
„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობაში.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, ოფიციალური წერილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ 27 აპრილს მიიღო.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავსსალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე წერილობითი თანხმობა გასცა და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მათ დაასახელეს თარიღები, როდესაც პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ბოლოს 13 წლის წინ მიმართა.