ენმ სხდომას მართავს იმ დეპუტატების საკითხზე, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრები აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ოპოზიციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომას მართავს.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია იმ დეპუტატებთან თანამშრომლობა ფრაქციაში, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს (რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა მხარი) მისცეს ხმა.

„ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. რა მოხდება ამის თაობაზე, გადაწყვეტილებას მივიღებთ. წინასწარ რომ ჰქონოდათ მათი პოზიციის შესახებ ნათქვამი, იგივე განცხადებას, რომელსაც ახლა ჩემგან ისმენთ, მოისმენდით მანამდე. ეს განცხადება და შეხედულება არ შეიცვლებოდა და არ შეიცვლება. ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, როგორიც დღეს დააფიქსირეს ამ ადამიანებმა. ეს არის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“. რამ გამოიწვია, რა იყო ამის მიზეზი, ალბათ, თავად ისაუბრებენ. ფორმალურად ფრაქციაში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, გადაწყდება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატის თქმით, საუბარია მათი ფრაქციის წევრ ოთხ დეპუტატზე. ესენი არიან: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე და ბაჩუკი ქარდავა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრიდან მხოლოდ 3 აირჩია

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

არჩეული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია:

  1. ტრისტან ბენაშვილი - 93 მომხრე;
  2. გიორგი გზობავა - 91 მომხრე;
  3. ზურაბ გურასპაშვილი - 93 მომხრე.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

პარლამენტის წევრი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" "იყიდა".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარდამჭერთა შორის იყო პარლამენტში მათი ბლოკის სახელით არჩეული ნიკა მაჭუტაძე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

რადიო თავისუფლებამ სცადა დაკავშირება დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან და ნიკა მაჭუტაძესთან - მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.