პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრიდან მხოლოდ 3 აირჩია

საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა აირჩია:

  1. ტრისტან ბენაშვილი - 93 მომხრე;
  2. გიორგი გზობავა - 91 მომხრე;
  3. ზურაბ გურასპაშვილი - 93 მომხრე.

არ აირჩია:

  1. ზურაბ აზნაურაშვილი - 10 მომხრე;
  2. ვიქტორ ახალბედაშვილი - 10 მომხრე;
  3. კარლო ბზიშვილი - 14 მომხრე;
  4. ზაზა ბუაჩიძე - 10 მომხრე;
  5. გრიგოლ გაგნიძე - 11 მომხრე;
  6. იოსებ ვარძელაშვილი - 13 მომხრე;
  7. მანუჩარ კაკოჩაშვილი - 8 მომხრე;
  8. ავთანდილ კახნიაშვილი - 7 მომხრე;
  9. რუსუდან კვინიკაძე - 89 მომხრე;
  10. გოგა კიკილაშვილი - 89 მომხრე;
  11. ალექსანდრე კობაიძე - 11 მომხრე;
  12. ალექსანდრე კურცხალია - 15 მომხრე;
  13. გია ლილუაშვილი - 16 მომხრე;
  14. ხათუნა ლორია - 19 მომხრე;
  15. თამარ მახარობლიძე - 14 მომხრე;
  16. როინ მიგრიაული - 20 მომხრე;
  17. ლია მუხაშავრია - 13 მომხრე;
  18. ლევან ნემსაძე - 88 მომხრე;
  19. ნინო ნიშნიანიძე - 87 მომხრე;
  20. ნოდარ პაპუკაშვილი - 23 მომხრე;
  21. სულხან სალაძე - 8 მომხრე;
  22. ლიკა საჯაია - 10 მომხრე;
  23. სოფიო სოხაძე - 10 მომხრე;
  24. კახა წიქარიშვილი - 9 მომხრე;
  25. დიმიტრი ხაჩიძე - 17 მომხრე;
  26. თეიმურაზ ჯერუალიძე - 39 მომხრე.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

"კოლეგებო, გთხოვთ დატოვოთ სხდომა, ვისაც არ გსურთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ასე თუ გეწყინებოდათ რეკომენდაციის შესრულება, არ ვიცოდი", - მიმართა მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ფარული კენჭისყრა ჩატარდა. შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს მხარი, რთულია.

პარლამენტის წევრი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" "იყიდა".

"ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს. "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და, სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა "ქართულ ოცნებას", რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები "კლანის" მფარველობისთვის და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი დაცული იყოს სასამართლო სისტემაში", - თქვა მან.

პარლამენტის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი "მოქალაქეებიდან" და იაგო ხვიჩია "გირჩიდან" აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდამჭერებს შორის ის დეპუტატები იყვნენ, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"ჩვენს რიგში ხელიც კი არ გაუწევია ვინმეს რომელიმე ღილაკისკენ. პარლამენტის დარბაზში კი არა, არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს. ჩვენ არ ვართ. ხუთი, ვინც დავრჩით შიგნით ოპოზიციიდან, არცერთს არ მიუცია ხმა, დანარჩენი დარჩნენ "ქოცები", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარდამჭერთა შორის იყო პარლამენტში მათი ბლოკის სახელით არჩეული ნიკა მაჭუტაძე.

"ინფორმაციის მოძიება არის რთული, მაგრამ არა - შეუძლებელი. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - თქვა წითლიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მაჭუტაძემ მასთან საუბარში ხმის მიცემა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებით ახსნა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

რადიო თავისუფლებამ სცადა დაკავშირება დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან და ნიკა მაჭუტაძესთან - მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

კენჭისყრის გაგრძელების შემდეგ ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა - 90 დეპუტატის მხარდაჭერა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვაკანტურ ადგილებზე კენჭს მეორედ უყრიდნენ მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისაც სხვაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ოთხ კანდიდატს შორის. ესენი არიან:

  • რუსუდან კვინიკაძე;
  • გოგა კიკილაშვილი;
  • ლევან ნემსაძე;
  • ნინო ნიშნიანიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 9 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა, ხუთს არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ერთს კი - საქართველოს პრეზიდენტი.

თითქმის ორი წელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰყავს პარლამენტის მიერ ასარჩევი არამოსამართლე წევრები. კონკურსში 31 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

15 მაისს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობდა, მისთვის მისაღები კანდიდატების შესახებ წარედგინა დასაბუთება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებდნენ.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2022 წლის 9 ნოემბერს დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები. ესენი არიან:

  • ლიკა საჯაია - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" პროფესორი;
  • ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი;
  • დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი;
  • სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"), საიას ყოფილი თავმჯდომარე;
  • გიორგი ბურჯანაძე - იმ დროისათვის საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ არამოსამართლე წევრს (ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს) უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ეს თანამდებობები ვაკანტური იყო.