უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ბახმუტთან. 2023 წლის 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 31 სარაკეტო და 57 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 96-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გენშტაბის ინფორმაციით, ეს-300 ტიპის 2 რაკეტით დარტყმა იყო დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის და 2 რაკეტით "კალიბრი" - ქალაქ ნიკოლაევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენერალური შტაბის მონაცემებით, სარაკეტო დარტყმებისთვის რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“ და სახმელეთო ბაზირების რაკეტები ეს-400 და „ისკანდერი“. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალებმა 25 რუსული რაკეტა გაანადგურეს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 55 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა ბახმუტის რაიონში ტაქტიკური შეტევის გაძლიერება, უკრაინის ლოკალური კონტრშეტევების მიუხედავად.

ცენტრის ექსპერტები 16 მაისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს უშუალოდ ბახმუტში და ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს რუსული წყაროებით გავრცელებულ ცნობებზეც ბახმუტის რაიონში დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ, რაც ადასტურებს შეტევის გაძლიერების გადაწყვეტილებას. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, 16 მაისის მდგომარეობით, ბახმუტში და ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთში გარკვეული წარმატება ჰქონდა რუსეთის ჯარსაც.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა 16 მაისს, საღამოს განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ბახმუტის შემოგარენში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით გაათავისუფლეს 20კმ² ტერიტორია. ამასთან, მალიარის ინფორმაციით, უშუალოდ ბახმუტში გარკვეული წინსვლა ჰქონდათ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომლებიც ქალაქს არტილერიით მთლიანად ანადგურებენ.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.