AI: 2022-ში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბოლო ხუთ წელში

საილუსტრაციო ფოტო: 2022 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა

Amnesty International-ის ცნობით, 2022 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზია ირანი. იქ სიკვდილით დასჯის რაოდენობის ზრდამ გააქარწყლა ექვს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმებით გაჩენილი იმედები.

სიკვდილით დასჯის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 16 მაისს გამოქვეყნდა, უფლებადამცველმა ჯგუფმა მიუთითა „შემაშფოთებელ“ ტენდენციაზე: მისი თქმით, მსოფლიოში ჩინეთის ფარგლებს გარეთ დადასტურებული სიკვდილით დასჯის 883 შემთხვევის 90 პროცენტი მოდის სამ ქვეყანაზე იმ 20-დან, სადაც ცნობილია, რომ შარშან სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს.

სამივე ქვეყანა ახლო აღმოსავლეთშია. მათ შორის ლიდერობს ირანი, სადაც 2022 წელს სიკვდილით დასჯის შემთხვევები 576-მდე გაიზარდა. ამ წელს ქვეყანა მოცული იყო საპროტესტო გამოსვლებით, რასაც ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიებით უპასუხა. 2021 წელს ირანში სასიკვდილო განაჩენი 314-ჯერ მოიყვანეს სისრულეში.

2022 წელს სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობით ირანს მოსდევს საუდის არაბეთი, სადაც სიკვდილით დასჯის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით (65-დან 196-მდე) და ქვეყანაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

მესამე ადგილზეა ეგვიპტე, სადაც 2022 წელს 24 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.