ჩინეთმა პეკინში საელჩოებს მოუწოდა, ჩამოხსნან უკრაინის მხარდაჭერის ნიშნები

უკრაინის მხარდამჭერი აბრა კანადის საელჩოს შენობაზე. პეკინი, 3 მარტი, 2022.

ჩინეთმა სთხოვა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც პეკინში უდევთ ბინა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებს. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

Kyodo აღნიშნავს, რომ პეკინში ბევრმა საელჩომ გამოკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინება შეიცავდა მოწოდებას, შენობების გარე კედლები არ გამოიყენონ პროპაგანდისთვის და „თავი აარიდონ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების წარმოქმნას“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები „ვალდებული არიან, დაიცვან ჩინეთის კანონები და დადგენილებები“, თუმცა პეკინი პატივს სცემს დიპლომატიურ იმუნიტეტს ვენის კონვენციასთან შესაბამისობაში.

სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები. Kyodo-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ევროპელმა დიპლომატმა, გააკრიტიკა ჩინეთის პოზიცია და განაცხადა, რომ არ არსებობს იმის გონივრული მიზეზი, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს თავისი განზრახვების გამოხატვაში და რომ ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნას.