საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOBIT) დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საელჩოები. ისინი კიდევ ერთხელ მიესალმებიან მრავალფეროვნებას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. საელჩოები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები. ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.

თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდკვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩოები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

​17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა - 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს მათ წინააღმდეგ სასულიერო პირების თანხლებით გამოსული ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა წააქეზა იმ დაუსჯელობამ, რაც ლგბტქ+ თემის მიმართ დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, წინა წელს მომხდარი უფრო მცირე მასშტაბის დაპირისპირების გამოძიებისას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.