საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერგნეთთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ფოტო არქივიდან: ერგნეთის მიმდებარე ტერიტორია

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი არჩილ ბასანიძე. ის დაკავებისას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არჩილ ბასანიძე საოკუპაციო ძალების მიერ 15 მაისს დაკავებული ლევან პეტრიაშვილის მეგობარია. მას შემდეგ, რაც ბასანიძემ მეგობრის დაკავების შესახებ შეიტყო, საოკუპაციო ღობეზე გადაძვრა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ბოლო სამ დღეში ეს საქართველოს მოქალაქის დაკავების მესამე შემთხვევაა. ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.