დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ერთ წლისთავს ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.
მან თავის პოსტში გამოყო "მრავალფეროვანი მედია", "თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო" და აღნიშნა, რომ მათ წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია.
"ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის - მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოსი", - წერს მარკ კლეიტონი.
ნიკა გვარამია გასული წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს. იგი დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.
მიმდინარე თვის, მაისის, დასაწყისში 18-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოწოდებით ევროპარლამენტის 12-მა წევრმა სალომე ზურაბიშვილს წერილით შარშან, ნოემბერშიც, მიმართა.
მარტის ბოლოს გვარამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არავის მიმართ არ აქვს პიროვნული წყენა, მაგრამ დასძინა, რომ არავის აქვს უფლება, პრეზიდენტს მიუთითოს შეწყალებაზე.