რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს ერთ-ერთ შენობას დრონით შეუტიეს

ფოტო არქივიდან. 2022 წლის დეკემბერში დრონით დარტყმა განხორციელდა კურსკის აეროპორტის ტერიტორიაზე

რუსეთის კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაზე. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ასტრა“ წერს. მისი ინფორმაციით, დარტყმა გასულ ღამით განხორციელდა დასახლებულ პუნქტ გლუშკოვოში მდებარე შენობაზე. დაიჭრა 5 რუსი მესაზღვრე.

დრონით კიდევ ერთი შეტევის შესახებ იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი. მის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო სოფელ პლეხოვოსთან, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. გუბერნატორის თანახმად, დაიჭრა ექსკავატორის მძღოლი. ამ ფაქტს ადასტურებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიც. მისივე ცნობით, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსეთის კიდევ ერთ რეგიონში, ბრიანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ კლინციში, სადაც არავინ დაშავებულა. რუსეთის ბრიანსკის და კურსკის ოლქები უკრაინას ესაზღვრება.

რუსეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში, გახშირდა დრონებით შეტევები, ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს კიევი, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.