ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. იგი ფიქრობს, რომ ესაა მის მიმართ შურისძიების გაგრძელება იმის გამო, რომ ხელისუფლებაში მყოფ "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს.
"მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, ხან "შემთხვევით" მოქალაქე გადამეყრება და რაღაცას მეტყვის. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და იმათ იციან ჩემზე უკეთ. მიწევს ხოლმე ჩახედვა... სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აქ იყვნენ. რამე არ უთქვამთ, როგორც კი პატრული გამოიძახეს, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათით იდგნენ", - უთხრა ბერძენიშვილმა "ფორმულას".
ლიტერატორი ამ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირებს წლების წინ, 2013 წელს, ერთ-ერთ ლექციაზე ალუდა ქეთელაურის "კანიბალისტურ სიზმარზე" საუბარს.
"ეს ხალხი არ არის გარკვევის მსურველი, მათ უნდათ შურისძიება ჩემზე ვითომ ვაჟა-ფშაველას გამო, სინამდვილეში იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" თვალში არ მოვდივართ", - განმარტა მან.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ ამ ხალხის მიზანი მისთვის შეურაცხყოფის მიყენება იყო.
"ამ ხალხს, თუ ბოლო მოვლენების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩემთან უნდა ემსჯელა კანიბალიზმის თაობაზე. მე ხომ ვარ ცნობილი კაცი, იმით, რომ ან მე ვარ კანიბალი ან ვაბრალებ კანიბალობას ხევსურებს და საერთოდ მე ვარ ქართველი ხალხის დაუღალავი მტერი. ჯერ კახელებთან მქონდა პრობლემა, ახლა ხევსურებთან მაქვს, იმერლებთან არ მაქვს ჯერ და მეგრელებთან, მაგრამ ჯერჯერობით. „ალუდა ქეთელაურთან“ დაკავშირებით, ვერ გაერკვა ხალხი, ალუდამ, რომ სიზმარი ნახა მათ ჰგონიათ რომ ეს სიზმარი მე ვნახე... ჯერ ერთი თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ალუდა ქეთელაური“ ხევსურებზეა მე მგონია, რომ კაცობრიობაზეა, მე ცოტა უფრო მეტი მგონია ვაჟა-ფშაველა ვიდრე ფშავის და ხევრსურების ინტერესების გამომხატველი", - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ბოლო დროს სოციალურ ქსელში კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება ამონარიდი ლევან ბერძენიშვილის ცხრა წლის წინათ ჩატარებული საჯარო ლექციიდან "ვაჟა ჩვენი თანამედროვე". სწორედ, ეს გახდა ბერძენიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მორიგი კამპანიის დაწყების საფუძველი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლევან ბერძენიშვილს უცხო ადამიანები ხვდებიან იმ სივრცეში, სადაც მისვლას აპირებს. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მას ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მისული იყო პოლიციაც, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა მაინც ვერ შეძლო მსმენელებთან შეხვედრა. მაშინ იგი კრიტიკის სამიზნე იმისთვის გახდა, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა.
მასალა არქივიდან გომელაური ყვარელში ინციდენტზე: რა უნდა ექნა პოლიციას? [ბერძენიშვილისთვის] ხელი არ დაუდიათ9 მაისს „მთავარი არხის“ ეთერში ლევან ბერძენიშვილმა ილაპარაკა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შესახებ. „ბიძინა ივანიშვილი არ არის თეორეტიკოსი, მან არ იცის, რა არის ლიბერალიზმი. ტყუილია, იმაზე ლაპარაკი, რომ მან უღალატა პრინციპებს. არასდროს არ ჰქონია ეს პრინციპები. მისი პრინციპი არის, რომ მან იცის, როგორ იშოვოს ფული და მან იცის, როგორ არ უნდა იყოს ეს არანაირ ზნეობასთან დაკავშირებული. ის აპირებდა მთელი საქართველოს რაღაც ნარკოტიკის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევას. კინაღამ კოლუმბია ააშენა საქართველოში. მართალია, მთლად კოკაინი არ იქნებოდა, მაგრამ მარიხუანა ნამდვილად იქნებოდა“, - თქვა ბერძენიშვილმა.
15 მაისს, დილით მედიაში გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადება ლევან ბერძენიშვილის შესახებ.
„რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, ლევან ბერძენიშვილმა კვლავ მისცა თავს უფლება, უსამართლო ბრალდებებით თავს დასხმოდა ბიძინა ივანიშვილს და ცილისმწამებლური განცხადებები გაეკეთებინა მისი მისამართით. ვინაიდან ბერძენიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედებები სისტემატურ ხასიათს ატარებს და ის გარკვეული პერიოდულობით იმეორებს ცრუ ბრალდებებს, როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გავცე მას პასუხი", - ასე იწყება ჩხეტიანის განცხადება.
ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე წერს, რომ ბერძენიშვილს „საზოგადოებისთვის ისტორიის სწავლების არავითარი მორალური უფლება არა აქვს".
ჩხეტიანის განცხადებით, „ბერძენიშვილს, რომელიც ყოველთვის გარედან მიღებულ მტრულ დავალებებს ასრულებს და საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობას შეგნებულად ამახინჯებს, არავითარი მორალური უფლება არა აქვს, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ისევე, როგორც საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის სხვა მოღვაწეებზე ისაუბროს".