უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს პრობლემები აქვთ სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ტექნიკურ რეგლამენტს არ იცავენ და დადგენილზე უფრო იშვიათად აფიქსირებენ გაუმართაობას. ამის შესახებ ლაპარაკია გამოცემა „პროექტის“ გამოძიებაში.
2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციების გამო რუსეთში აკრძალულია სათადარიგო ნაწილების პირდაპირი იმპორტი უცხოური წარმოების თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებში აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს. ეს პრობლემა, როგორც „პროექტი“ წერს, ჯერჯერობით წყდება სხვა თვითმფრინავების ნაცრისფერი იმპორტისა და დაშლის („კანიბალიზაციის“) მეშვეობით.
გამოცემის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა თვითმფრინავების ნაწილებისა და კომპონენტების იმპორტის მოცულობა ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლებისგან და დასავლელი მიმწოდებლები შეცვალეს კომპანიებმა ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან. ამავე დროს ყველა იმპორტირებული ნაწილი ახალი არ იყო. რუსული ავიახაზები მალავენ მონაცემებს ე.წ კანიბალიზაციის შესახებ. „პროექტმა“ ავიატრეკერ Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა, რომ რადგან უმსხვილესი ავიაკომპანიების თვითმფრინავების 10%-ზე მეტი არ აფრენილა ცაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მათი ნაწილი მაინც დაშალეს.
სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხებების გამო რუსეთის ავიაკომპანიებს უკვე მოუწიათ ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისგან გადახვევა, წერს „პროექტი“. კერძოდ, შეიცვალა საბორტო ჟურნალების წარმოების წესები. მათში ახლა ყველა დარღვევა არ ფიქსირდება. ეს პრაქტიკა დანერგილია, კერძოდ, „აეროფლოტში“. „პროექტში“ მოყვანილია მაგალითები, სადაც ფრენის ჟურნალში არ იყო ინფორმაცია გადაუდებელი აღჭურვილობის ნაკლებობის ან ვაკუუმის გენერატორის გაუმართაობის შესახებ, რომელიც თვითმფრინავში ტუალეტის მუშაობას უზრუნველყოფს. ასევე იზრდება ვადა, რომლის განმავლობაშიც ნებადართულია თვითმფრინავში აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსწორების გარეშე ფრენა.
პრობლემაა აგრეთვე თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და აუცილებელი ტექნიკური შემოწმება. რუსეთს არ გააჩნია აუცილებელი სიღრმისეული ტექნიკური შემოწმების სიმძლავრეები და სპეციალისტები. ადრე ისინი ტარდებოდა დასავლეთის ქვეყნებში. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, აეროფლოტმა თავისი ფართო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავი Airbus A330-300 ირანში გაგზავნა ტექნიკური მომსახურებისთვის.
„პროექტი“ იტყობინება, რომ ავიაკომპანიებმა არ უპასუხეს მის კითხვებს.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს რუსეთში თვითმფრინავების მიწოდების აკრძალვას, ასევე რუსული თვითმფრინავების ფრენის აკრძალვას იმ ქვეყნებში, რომლებმაც სანქციები და საჰაერო სივრცის დახურვა დაუწესეს მათ. ასევე გაუქმდა სადაზღვევო სერტიფიკატები. რუსული კომპანიებისგან მოითხოვეს მათ მიერ იჯარით შეძენილი თვითმფრინავების დაბრუნება, რაც რუსულმა კომპანიებმა არ გააკეთეს. ამის გამო, რუსეთის თვითმფრინავების უმეტესობას ახლა საზღვარგარეთ ფრენა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებში შეუძლია.