სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფლიქტის მოსაგვარებლად გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მისი მონაწილეობით, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა 14 მაისს ბრიუსელში გაიმართა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხების განსახილველად აღდგება ორმხრივი შეხვედრები. შარლ მიშელის თანახმად, მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის მიმართულებით. კერძოდ, პოზიციები დაახლოვდა ნახიჩევანის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხში. მიშელის ინფორმაციით, დეტალური შეთანხმების მოსამზადებლად შესაბამისი ჯგუფები იმუშავებენ. ორივე მხარე თანახმაა, რომ პროცესს დახმარება გაუწიოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, უახლოეს კვირებში უნდა განახლდეს სამხედრო ტყვეების გათავისუფლება. განხილული იყო მუშაობის გააქტიურება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და ტერიტორიების განაღმვის მიზნით.
შარლ მიშელის ინფორმაციით, დღის წესრიგში იყო მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების და მათი უსაფრთხოების საკითხებიც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანს მოუწოდა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივ მცხოვრებთა უფლებები და უსაფრთხოება და მათთან ბაქოს კონსტრუქციული დიალოგი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა დაადასტურეს ერთგულება ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებულ საზღვრებში. 1991 წლის მდგომარეობით, ძირითადად, ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორია იყო.
შარლ მიშელი ხაზს უსვამს, რომ საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდება. ბრიუსელში სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შემდეგი შეხვედრა ივლისში გაიმართება.
ასევე ნახეთ ბაქო-ერევანი: სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა - "კომპრომისის და მოქნილობის პირობებში“ალიევის და ფაშინიანის შეხვედრამდე, მაისის დასაწყისში, ვაშინგტონში გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების 4-დღიანი მოლაპარაკება.
დასავლეთის სამშვიდობო ძალისხმევის ფონია სიტუაციის დაძაბვა ლაჩინის დერეფანში. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
ბაქომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად. ამას უარყოფს ერევანი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.
- მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა.
- 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".
- შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.