ხუთი ადამიანი დაიღუპა ხერსონის რაიონის სოფელ მიროლიუბოვკაში, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ საწარმოში აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად. დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 27 წლისა იყო, ყველაზე უფროსი - 68-ის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თქვა, რომ ჭურვი რუსული დაბომბვის შემდეგ იყო დარჩენილი.
ხერსონის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე.
გასული დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ხერსონის რეგიონს 400-მდე ჭურვი ესროლეს, თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ასევე გუშინ რუსულმა ავიაციამ ორი ბომბი ჩამოაგდო ხერსონის რეგიონის ქალაქ ბერისლავზე. დაბომბვის გამო ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.