ბრიანსკის რეგიონში მი-8 ტიპის შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოვარდა

რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი

ბრიანსკის რაიონის ქალაქ კლინცში შაბათს მი-8 ტიპის შვეულმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ანონიმური წყაროს თქმით, წინასწარი მონაცემებით, მი-8 შვეულმფრენი ძრავის ხანძრის გამო ჩამოვარდა. მაგრამ ტელეგრამის არხებით გავრცელდა თვითმხილველების ნაამბობი, რომლებიც აცხადებენ, რომ შვეულმფრენის ჩამოვარდნამდე მათ აფეთქების ხმა გაიგონეს.


გარდა ამისა, მოგვიანებით „ტასმა“ გაავრცელა ცნობა ასევე ბრიანსკის რეგიონში, „უკრაინის საზღვართან“, გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავის, სუ-34-ის ჩამოვარდნის შესახებ.

ორივე საფრენი აპარატი თითქმის ერთსა და იმავე დროს, მაგრამ ერთმანეთისგან 80 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. რუსეთი ჯერჯერობით არ აცხადებს, თუ ვის ეკუთვნის ჩამოვარდნილი საფრენი აპარატები.