ილონ მასკმა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად NBCUniversal-ის რეკლამის ყოფილი ხელმძღვანელი ლინდა იაკარინო დაასახელა, რითაც კომპანია ცდილობს დაუპირისპირდეს სარეკლამო შემოსავლის შემცირებას.
იაკარინო გადაიბარებს სოციალური მედიის პლატფორმას გამოწვევებითა და დიდი ვალით, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე წელი მიუძღვნა სარეკლამო ბიზნესის მოდერნიზებას NBCUniversal-ში.
"მივესალმები ლინდა იაკარინოს, როგორც Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს! @LindaYacc, ძირითადად, ბიზნესოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული, მე კი პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიაზე“, - დაწერა მასკმა საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე პარასკევს.
მას შემდეგ, რაც მასკმა ოქტომბერში შეიძინა Twitter-ი, რეკლამის დამკვეთებმა დატოვეს სოციალური მედიის პლატფორმა. ისინი წუხდნენ, რომ მათი რეკლამები შეიძლება გამოჩენილიყო უხამს კონტენტთან ერთად, მას შემდეგ, რაც ტვიტერმა დაკარგა თანამშრომლების თითქმის 80%. მასკმა ამ წლის დასაწყისში აღიარა, რომ Twitter-მა განიცადა სარეკლამო შემოსავლის მასიური შემცირება.
მასკმა, ელექტრომობილების მწარმოებლის Tesla Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოქტომბერში დაასრულა 44 მილიარდ დოლარად Twitter-ის შეძენის პროცესი. პარასკევს მან თქვა, რომ იაკარინოს დაქირავება საშუალებას მისცემს, მეტი დრო დაუთმოს Tesla-ს მართვას.