ბერლინი კიევისთვის ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი დახმარების პაკეტს ამზადებს

ბერლინი კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.7 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

პაკეტში, კერძოდ, შედის 30 ტანკი "Leopard-ი, 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ი, ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა, ჯავშანტექნიკა, მანქანები, სადაზვერვო თვითმფრინავები და საბრძოლო მასალა. ეს არის გერმანიის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რაც კიევის თავდაცვითი შესაძლებლობის განმტკიცებისკენ არის მიმართული.

ჟურნალ Der Spiegel-ის ცნობით, ეს პაკეტი ბოლო დღეებში სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის ოფისს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა. იარაღის ახალი პაკეტის უკრაინისათვის გადაცემის გადაწყვეტილება დროში ემთხვევა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიის გადაცემას, რაც Deutsche Welle-ს ცნობით 14 მაისს, აახენში გაიმართება.

უკრაინასთან რუსეთის ომის დაწყებიდან ნატოს ქვეყნებმა კიევს მილიარდობით დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინეს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო, გაერთიანებულმა სამეფომ – თითქმის ათი მილიარდი, გერმანიამ – შვიდ მილიარდზე მეტი.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს.

ევროკავშირში პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ - 80, აშშ-მა - 76.