გასამხედროებული გაერთიანება „ვაგნერის“ სამი დაქირავებული მებრძოლი, რომლებიც უკრაინის ომიდან დაბრუნდნენ, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დააკავეს ყაჩაღობასა და გამოძალვაში ბრალდებით.
წინასწარი გამოძიებით, ისინი ადგილობრივ მეწარმეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და მოკვლის მუქარით ითხოვდნენ მაღაზიის და მანქანის მათზე დარეგისტრირებას.
გამოცემა V1.ru-ს ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულის ნათქვამს ეფუძნება, სამი პირი ბინაში შეიჭრა და დანის მუქარით მოსთხოვეს ბიზნესმენს, მათზე გაეფორმებინა სამშენებლო მასალის მაღაზია. უარის შემდეგ მათ იგი სცემეს და მანქანის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შედგენა მოსთხოვეს. სახლიდან მათ ძვირფასი ნივთები და ნაღდი ფული წაიღეს.
სამივე ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. ერთ-ერთი მათგანის, რუსკოვის ყოფილმა ცოლმა განაცხადა, რომ ის უკრაინიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა და რომ „ვაგნერმა“ იგი კოლონიაში გადაიბირა.
ვოლგოგრადის საოლქო სასამართლოს არქივის თანახმად, რუსკოვს თითქმის 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყაჩაღობის, მკვლელობის და მკვლელობის მიზნით თავდასხმის ბრალდებით. მისი ყოფილი ცოლის ინფორმაციით, სხვა ორი დაკავებული პირი სასჯელს რუსკოვთან ერთად იხდიდა ნარკოტიკების მოხმარების, იარაღის უკანონოდ შენახვის, ასევე მკვლელობისთვის და უკრაინაში საბრძოლველად „ვაგნერის“ მიერ ისინიც იმავე კოლონიაში იქნენ გადაბირებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები დააკავეს უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ.
• „ვაგნერი“ გასამხედროებული, არაოფიციალური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირმა ევგენი პრიგოჟინმა დააფუძნა. მისი მეომრები მონაწილეობენ უკრაინის ომში, ასევე სამხედრო ოპერაციებში სირიასა და აფრიკაში. უკრაინის ომის პერიოდში „ვაგნერის“ რიგები პატიმრობამისჯილი პირებით შეავსეს.
• „ვაგნერელებს“ ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს.