გუშინდელი ნაბიჯით პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს - სააკაშვილი ფრენების აღდგენაზე

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გუშინდელი ნაბიჯით თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. ამით სააკაშვილი ეხმაურება კრემლის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე.

განცხადება ექსპრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

"პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო.

რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს.

ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება", - წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება
ასევე ნახეთ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
ასევე ნახეთ პუტინის "საჩუქარი" და თბილისის კმაყოფილება - ვის სჭირდება რუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა?