„ჩემმა მეუღლემ ჩამიგდო ლინკი, გავოგნდი, ვერ დავიჯერე“, - მეუბნება ტატო ნორაკიძე რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 10 მაისის ორი განკარგულებით საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა და ცალმხრივად დაწესებული ვიზებიც გააუქმა.
სხვა მიზეზებთან ერთად, ეს გადაწყვეტილება ტატოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული და ემოციური აღმოჩნდა იმის გამოც, რომ ის ერთ-ერთია იმ 4000-ზე მეტი ქართველიდან, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე, ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციის დროს გამოაძევეს.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო. მაშინ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთის ამგვარი ქმედება თბილისში, 2006 წლის სექტემბერში, ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლების შურისძიება იყო. რუსეთი კი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმე ტიპის შურისძიებას უარყოფდა, აცხადებდა, რომ ეს იყო უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება.
„პუტინის ამ „საჩუქრით“ არასდროს ვისარგებლებ“
ტატო საქართველოში 2006 წლის შემოდგომაზე, დედასთან ერთად დაბრუნდა. სამი კვირის თავზე კი ტატოს მამა იმ სატვირთო თვითმფრინავით ჩამოფრინდა, რომელმაც მოსკოვიდან საქართველოში ასობით ქართველი ჩამოიყვანა და ამ კადრებმა მსოფლიო მედია მოიცვა:
„ჩვეულებრივი დღე იყო, სკოლიდან ვბრუნდებოდით მე და დედა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოვედით, გაგვაჩერა პოლიციამ, მოგვთხოვა საბუთები და როდესაც ნახეს, რომ საქართველოდან ვიყავით, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და მაშინვე ჩაგვირტყეს დეპორტაციის ბეჭედი. ჩვენ გვქონდა რუსეთში ცხოვრების უფლება და ყველა საბუთი წესრიგში იყო, ამიტომ დედამ გააპროტესტა, რატომ გვირტყამთ დეპორტაციის ბეჭედსო. მათ მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ ჩვენ გვაქვს დეპორტი და მორჩა. მოგვცეს ერთკვირიანი ვადა, რომ დაგვეტოვებინა ქვეყანა. იძულებულები გავხდით, რომ ჩაგველაგებინა ბარგი და წამოვსულიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვითხრეს, რომ დაგვიჭერდნენ“.
2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტაციის პროცესს სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ტატოს მამაც. იზოლატორში გატარებულმა დღეებმა მის ჯანმრთელობაზე მძიმედ იმოქმედა და მალევე გარდაიცვალა:
„მამაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო, ალბათ იქიდან გამომდინარეც, რომ მამას იქ საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და სხვანაირად უსწორდებოდნენ. მამა იხსენებდა, რომ დაიჭირეს, იზოლატორში ყოფნისას, ერთი ღერი სიგარეტი რომ მოეწია,100 დოლარს ართმევდნენ. იზოლატორში ხომ არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, შემდეგ სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს. იხსენებდა, რომ მთელი გზა ფეხზე იდგა იმის გამო, რომ სატვირთო თვითმფრინავში სკამები არ იყო. მამას საბოლოოდ განუვითარდა ხერხემლის დაზიანება, გაუკეთდა ორი ოპერაცია, მაგრამ სამწუხაროდ, გართულებები იმდენად მძიმე იყო, რომ ვერ გამოკეთდა“.
ტატოს დღემდე ძალიან მკაფიოდ ახსოვს კადრი, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან გამოფრენილი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა, გაიხსნა კარი და იქიდან ხალხმა, მათ შორის, მცირეწლოვანმა ბავშვებმა დაიწყეს გამოსვლა:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, რომ მამა მსგავსი თვითმფრინავით ჩამოფრინდებოდა, მე რეალურად არც კი მქონდა ნანახი მსგავსი თვითმფრინავი, მხოლოდ ფილმებში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ შეგვიშვეს იმ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი დაჯდა და ვნახეთ კარის გაღების პროცესი. თვითმფრინავის კუდის მხარეს გაიღო კარი და ვნახეთ, როგორ გამოცვივდა იქიდან ხალხი. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი, საზარელი“.
ტატოსთვის იმდენად მოულოდნელი და მიუღებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდო და ამ ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო. პარალელურად ეძებდა საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ვლადიმერ პუტინის განკარგულებებთან დაკავშირებით, თუმცა, მოლოდინი, რომ ნახავდა და მოისმენდა მმართველი გუნდის, მისი სიტყვებით, სწორ პოზიციას, არ გამართლდა:
„იმ მოცემულობაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და რა დამოკიდებულებაც აქვს მსოფლიოს ამ მონსტრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, უცებ აცნობიერებ, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რატომღაც, შენთან აუქმებს სავიზო რეჟიმს და აბრუნებს პირდაპირ რეისებს. იმდენად მიუღებელი ფაქტი იყო, რომ დავიწყე ამ ინფორმაციის პირველწყაროების ძებნა. რას უნდა ველოდოთ ამის მერე? ეს უკვე აღარ ვიცი. ყველაზე საინტერესო კი იცით რა არის? ამ ორ დღეში, ოფიციალური საქართველოს საპასუხო პოზიცია, სწორი პოზიცია, რომ ეს გადაწყვეტილებები მათთვის მიუღებელია ან მსგავსი რამ, ვერსად ვნახე. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის, ეს გადაწყვეტილება არის სრულიად მიუღებელი და ამასთანავე საშინლად გასაბრაზებელი. მგონი, ჩვენ კიდევ არ გვაქვს კარგად გაცნობიერებული რუსეთისგან მომავალი საფრთხეები. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჯანსაღი განვითარებისთვის, უკიდურესად საფრთხის შემცველია“.
ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებასმიუხედავად იმისა, რომ ტატოს რუსეთში წლობით უნახავი ნათესავები და მეგობრები ჰყავს, ამბობს, რომ პუტინის ამ „საჩუქრით“ არასდროს ისარგებლებს:
„კი, წლები ვიცხოვრე რუსეთში, სახლი გვქონდა, ნათესავები მყავს იქ, მეგობრები, მაგრამ ერთი პროცენტითაც კი არ ვუშვებ, რომ გამოვიყენო ეს, ე.წ. პერსპექტივა და მოსკოვში გავფრინდე უვიზოდ, პუტინის დანიშნული პირდაპირი რეისით. ეს არის გამორიცხული“.
„ახლაც კი ეკლები მაყრის რუსეთი რომ მახსენდება, იქით გახედვაც არ მინდა“
ირინა ჩოხელი გაგრიდანაა. ქმარ-შვილთან ერთად, როგორც აფხაზეთიდან დევნილებმა, წლების განმავლობაში იცხოვრეს მოსკოვში. ოჯახი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული რუსეთში. ყველა შესაბამისი საბუთი წესრიგში ჰქონდათ - მუშაობდნენ, იხდიდნენ გადასახადებს, ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, თუმცა, 2006 წლის შემოდგომაზე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი მაინც იქცა პუტინის პოლიტიკის მსხვერპლად.
საქართველოში დეპორტაციამდე ირინამ ერთი კვირა გაატარა ქალთა კოლონიაში. მისი არასრუწლოვანი შვილები კი ორი კვირის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში. დედა-შვილები ისე დააშორეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ ერთმანეთის ბედის შესახებ:
„სახლში მოგვაკითხეს. პირდაპირ საშინაო ტანსაცმლითა და ჩუსტებით წაგვიყვანეს მე და ჩემი შვილები. ერთი კვირის თავზე, იმავე ტანსაცმლითა და ჩუსტებით ჩამოვფრინდი საქართველოში. მე ქალთა კოლონიაში წამიყვანეს, ე.წ. „ბუტილაჩნაიაში“, ჩემი შვილები „დომოდედოვოსთან“ ახლოს მდებარე უშველებელ ციხეში. ერთი კვირა გავატარე იმ ციხეში, ბოლო 24 საათი, იმის გამო, რომ ციხეში ადგილები აღარ ჰქონდათ, რეციდივისტებთან ერთად გამომკეტეს, მკვლელებთან. არც მინდა იმის გახსენება, რა დამცირება გადავიტანე იმ ერთ კვირაში, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომ ჩემი შვილების მდგომარეობის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია. სხვათა შორის, რუსმა ადვოკატმა პირდაპირ მითხრა, ყველანაირი საბუთი წესრიგში გაქვთ, მაგრამ პოლიტიკის მსხვერპლი ხართო. დეპორტაციაზე რომ შემიყვანეს, ვუთხარი, უკანონობას ჩადიხართ, ჩემი სახსრებით დავბრუნდები საქართველოში-მეთქი და მიპასუხეს, нет только через спецприемник (არა, მხოლოდ იზოლატორის გავლით) და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენთვის შეურაცხყოფა და ტკივილი მოეყენებინათ“.
დაკავებიდან ერთი კვირის თავზე ირინა 150-კაციანი თვითმფრინავით გამოუშვეს საქართველოში. შვილები, რომლებიც მასთან ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან შეაბრუნეს ციხეში, თვითმფრინავში საკმარისი ადგილების არქონის გამო. ირინას შვილებთან დარჩენის უფლება არ მისცეს. მისი არასრულწლოვანი ბიჭები ორი კვირის თავზე, საქართველოდან სპეციალურად გაგზავნილი 50-კაციანი თვითმფრინავით დაბრუნდნენ თბილისში.
ოჯახის ისტორია ირინამ 2011 წელს, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დარბაზში უამბო ევროპელ მოსამართლეებს.
„სწორედ სტრასბურგში ვთქვი, იმ ტკივილს, რასაც დედა შვილებთან დაშორებისას გრძნობს, ვერაფერი დაგავიწყებს. გიშვებენ იძულებით და არ იცი, სად ტოვებ შვილებს. ამ ტკივილს არანაირი კომპენსაცია არ შეცვლის, ეს მთელი ცხოვრება მიგყვება და ასე მიჰყვება ჩემს შვილებსაც, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა ორივეს, რომ გამოსულიყვნენ მდგომარეობიდან“.
ირინა ჩოხელი ამბობს, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი რეისების აღდგენის შესახებ ინფორმაციამ მასზე ემოციურად მძიმედ იმოქმედა და ზედაპირზე ამოვიდა ყველა ის განცდა, რაც მან და მისმა ოჯახმა 2006 წლის შემოდგომაზე გადაიტანა:
„იმდენად მიუღებელი და ამაზრზენია ეს ინფორმაცია, რომ მოსმენის სურვილიც კი არ მქონდა, ტელევიზორი გამოვრთე. გაიხსნა ყველა ჭრილობა და ტრავმა. არც ვიცი, ვის უნდა აწყობდეს, ვის უნდა უხაროდეს პუტინის ეს ინიციატივა. ახლაც კი ეკლები მაყრის რუსეთი რომ მახსენდება, იქით გახედვაც არ მინდა, რომელ რუსეთზე, უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ რეისებზეა ლაპარაკი“.
რადიო თავისუფლება შეეცადა სხვა დეპორტირებულებსაც გასაუბრებოდა, თუმცა, უმეტესობა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ 17 წელი გავიდა, ის ემოცია და განცდა, რომელიც მათ რუსეთიდან დეპორტაციის გზაზე გაიარეს, დღემდე არ ტოვებთ, უჭირთ ამ თემაზე ლაპარაკი, ცდილობენ „მაქსიმალურად დისტანცირდნენ რუსეთთან დაკავშირებული პროცესებისგან“ და არ სურთ მედიასთან ურთიერთობა.
ირინა ჩოხელი და ტატო ნორაკიძე რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის არიან, რომელთათვისაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წელს რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ირინასა და ტატოს ოჯახებმა რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაცია 2020 წელს მიიღეს. მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახმა მიიღო რუსეთისგან კომპენსაცია. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახებმა რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრით მოუგეს:
„2020 წლის 12 მარტი ჩაგვერიცხა 10 030 ევრო. როგორც ვიცი, ამ რაოდენობის თანხა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო, ვისაც ყველაზე მძიმედ შეეხო დეპორტაციის საკითხი. ეს 10 000 ევრო ჩემთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს, სიმართლე გითხრათ, რომ არ ჩარიცხულიყო, უკეთესი იქნებოდა, რადგან დაცინვაა ეს ყველაფერი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტატო ნორაკიძემ.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთიან სარჩელს, რომლის ფარგლებშიც, 2019 წლის იანვრის ბოლოს რუსეთს საქართველოს 1800-მდე მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, თანხის გადახდის ვადად კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 30 აპრილი განსაზღვრა, რუსეთს ეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია და რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები, ამ დრომდე ელიან კომპენსაციას.
რუსეთის ფედერაციის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ევროპის საბჭომ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროსასამართლოს ექვსი ათასზე მეტი გადაწყვეტილების აღსრულება იყო მოსალოდნელი, მათგან 2352, ანუ დაახლოებით 40%, რუსეთს შეეხებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდას 1102 შემთხვევაში მოელიან. რუსეთის მიერ გადაუხდელი კომპენსაციის ჯამური ოდენობა 2 მლრდ ევროს უტოლდება, რომლიდანაც 10 მილიონი მოდის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საუბარია 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეებზე.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, „შეისწავლონ ყველა შესაძლო გზა ამ საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად“.
ასევე ნახეთ პუტინის "საჩუქარი" და თბილისის კმაყოფილება - ვის სჭირდება რუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა?რაც შეეხება სავიზო რეჟიმსა და საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2012 წლის თებერვალში ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.