აშშ-ის ელჩი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა?

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ არავის სჯერა, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმება ვლადიმირ პუტინის მხრიდან ზრუნვას გამოხატავს. ამ საკითხზე მედიისთვის მიცემულ კომენტარში ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქეა შეშფოთებული ქვეყანაში რუსეთის ათასობით მოქალაქის ჩამოსვლის გამო.

ასევე ნახეთ სახ. დეპარტამენტი: დასავლური ქვეყნები რუსულ თვითმფრინავებს მათთან შესვლას უკრძალავენ

"ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა? დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის...

ვფიქრობ, ბატონ პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გააუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ნიშნები, რომლებსაც ქართველები დააფასებდნენ", - თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი პროვოკაციად აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში და როგორ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

"ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა, სცადეს ქართული ენის ჩახშობა 1978 წელს და საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც თავს დაესხა საქართველოს 15 წლის წინ. თავს ესხმის საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს ოჯახებს აშორებს. უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა", - დასძინა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება
ასევე ნახეთ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას
  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
ასევე ნახეთ პუტინის "საჩუქარი" და თბილისის კმაყოფილება - ვის სჭირდება რუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა?