„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“ - აფხაზი ეკონომისტი უვიზო რეჟიმზე

ახრა არისტავა

როგორ აისახება აფხაზეთზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან და აღადგინოს ფრენები. აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სოხუმზეც მოახდენს გავლენას.

აფხაზეთში მცხოვრებლები ინტერნეტში განიხილავენ, თუ რა შედეგებს მოიტანს მათთვის საქართველოსა და რუსეთის დაახლოება. ზოგი ფიქრობს, რომ თბილისი ლოიალურობისთვის დააჯილდოვეს, იმისთვის, რომ რუსეთს აქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა. სხვებს მიაჩნიათ, რომ ცვლილება კონკურენციას და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აფხაზეთში უარყოფითად შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთის პირველმა არხმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გაშუქებისას სოხუმის კადრები გამოიყენა.

აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მთელ რეგიონზე მოახდენს გავლენას.

„რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება პოლიტიკური ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უმჯობესდება. იმასაც ვხედავთ, თუ რა პოლიტიკას ატარებს ევროკავშირი და რას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ ამას შეეწინააღმდეგონ. ეს არა მხოლოდ საქართველოზე, მთელ რეგიონზე იმოქმედებს. შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. წინა კვირას თურქეთის მთავრობამ ითხოვა რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა შვიდგზის გაეზარდა. აქ რუსული კლიენტურისთვის იბრძვიან. ახლა მთავარია ამ ბრძოლაში ვინ მოიგებს. თურქეთისთვის ეს პოლიტიკური საკითხიცაა, იქ ახლა პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადებიან. რუსეთის გავლენა მთელ რეგიონზე იზრდება“.

ახრა არისტავას თქმით, აფხაზეთი ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპს ნაკლებად შეინარჩუნებს, რაც ეკონომიკაზეც აისახება.

„რასაკვირველია, ამას მოჰყვება შედეგი, პოლიტიკური და ეკონომიკური. პოლიტიკის მხრივ რა შედეგს უნდა ველოდოთ ამის პროგნოზირება ძნელია, რადგან ინფორმაცია არ გვაქვს. ხელშეკრულების თანახმად (მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის) საშინაო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს კოორდინირებული. არ ვიცი გააფრთხილა თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობამ აფხაზეთის ხელმძღვანელობა იმის შესახებ, რასაც აპირებდა. თუ გააფრთხილა, კარგია, თუ არა - ცუდი. ვხედავდით, როგორ ყურადღებით აკვირდებოდნენ თბილისში ყარაბაღის მოვლენებს. როგორ ვითარდებოდა ეს მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ სცენარებს საქართველო-აფხაზეთზეც ითვალისწინებდნენ თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება ეკონომიკას, აქ ზუსტად შეიძლება ვთქვათ, რომ ნეგატიური შედეგი გვექნება. აფხაზეთის რესპუბლიკას არ შეუძლია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს კონკურენცია გაუწიოს“.

უვიზო რეჟიმი, მაღალი ხარისხის სერვისი, მოხერხებული და სწრაფი ფრენები, ბიზნესის კრედიტით წამოწყების შესაძლებლობა, დაბალი საპროცენტო განაკვეთი - ეკონომისტი ამბობს, რომ ამ საკითხებში აფხაზეთი საქართველოსა და თურქეთს სერიოზულად ჩამორჩება. ამიტომ უფრო შეძლებული ტურისტები დასასვენებლად ამ ქვეყნებში წავლენ.

ახრა არისტავა ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ. აფხაზეთმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს საშინაო და სავიზო პოლიტიკას. ახლა აფხაზეთს უვიზო რეჟიმი მხოლოდ სამ ქვეყანასთან აქვს: რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი. არ შეიძლება ტურისტულ ქვეყანას მსგავსი, ჩრდილოკორეული მიდგომა ჰქონდეს. ეს უნდა გადაიხედოს. შარშან რუსეთსა და ბელარუსს შორის შედგა შეთანხმება ვიზების ურთიერთაღიარების თაობაზე. აფხაზეთსაც შეუძლიი მსგავსი ხელშეკრულება დადოს, რომ მაგალითად, ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ჩამოდიან, არა მხოლოდ ბელარუსის, აფხაზეთის მონახულებაც შეეძლოთ. „სიმეტრიული პასუხი უნდა გაეცეს. თუ არა და, ჩვენ დავკარგავთ ტურისტული ნაკადების ზრდის იმ ტემპს, რომელიც შარშან გვქონდა“, - ამბობს ახრა არისტავა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.