CNN-ი: იაპონია მოლაპარაკებებს აწარმოებს ტოკიოში ნატოს ოფისის გახსნის თაობაზე

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიასი. ნიუ-იორკი, 23 სექტემბერი, 2023.

ოთხშაბათს გამოაცხადა ტოკიოში ნატოს ოფისის გახსნის გეგმების შესახებ, იტყობინება CNN-ი. ეს იქნება ნატოს პირველი ოფისი აზიაში. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. იოშიმასა ჰაიაშიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გავლენას ახდენს მსოფლიოს სტაბილურობაზე და იაპონიამ უნდა გააძლიეროს თავისი რეგიონის უსაფრთხოება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა მოლაპარაკებები. მან იაპონიას ალიანსის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩინეთის პოლიტიკამ. "ის, რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელოვანია აზიისთვის, რაც ხდება აზიაში, მნიშვნელოვანია ევროპისთვის. პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება უკრაინაში", - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოში გაერთიანებული არიან სახელმწიფოები, რომლებიც ატლანტის ოკეანის აუზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობენ - როგორც ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან. ამავე დროს, ნატოს აქვს რამდენიმე სამოკავშირეო ოფისი ალიანსის ფარგლებს გარეთ მყოფ ქვეყნებში, როგორებიცაა შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია და უკრაინა. ისინი დაკავებული არიან ნატოსა და ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების განვითარებით და თავიანთ სამხედრო უწყებებს საინფორმაციო და საკონსულტაციო დახმარებას უწევენ.