რუსეთის სახელმწიფო დუმის „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ. როგორც გავრილოვი ამბობს, ეს გადაწყვეტილება ათასობით ქართველს სურდა.
„ეს უნდოდა ათასობით ქართველს, ეს ხომ ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტების გაფართოებას და ახალგაზრდულ გაცვლას, სავაჭრო პროცედურების გამარტივებას, მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების განბლოკვას, რეალიზაციას, რომელიც დააკავშირებს რუსეთს და საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ფარგლებში „ჩრდილოეთი - სამხრეთი“ და გაამყარებს ევრაზიული ინფრასტრუქტურის დერეფნის ქსელს“, - თქვა გავრილოვმა რუსულ გამოცემა Life.ru-სთან.
გავრილოვი ამბობს, რომ თვითონ ჯერ არ გეგმავს საქართველოში ჩასვლას, მაგრამ მოსკოვში ელოდება ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.
„თუმცა სამომავლოდ ვუშვებ შესაძლებლობას საქართველოში ჩამოვიდე, ჩემი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავდნენ დიდი სამამულო ომის წლებში“, - დაამატა გავრილოვმა.
პუტინის გადაწყვეტილების შესახებ დაწერა კრემლის ტელეკომპანია RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამში.
„პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, არ შეუერთდნენ სანქციებს, არ გახსნეს მეორე ფრონტი, თუმცა თირკმელებში საკმაოდ ძლიერად ურტყამდნენ, რომ გაეხსნათ. ასე თუ გაგრძელდა, მომავალ 9 მაისს ჩამოვლენ კიდეც", - აღნიშნა სიმონიანმა. მან დაამატა: „ჯერ კიდევ გუშინ განვიხილავდით, რომ საქართველო ახლა ისე სწორად იქცევა, რომ დროა აღდგეს საჰაერო მიმოსვლა და უვიზო რეჟიმი და აჰა, დააბრუნეს. ძალიან სწორია".
სიმონიანი დარწმუნებულია, რომ „მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადაჭედილი იქნება“. მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე - ზურაბიშვილმა პუტინის გადაწყვეტილებას „რუსული პროვოკაცია“ უწოდა.
„საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ისეთივე ავტორიტეტია, როგორიც რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი“, - აღნიშნა სიმონიანმა.
სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც იყო რუსეთის დუმის „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი. მას ქვეყანაში შემოსვლის დროს პრობლემა არ შეჰქმნია.
იმ დღეს, 19 ივნისს დილით, მან სხდომის წაყვანის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა.
დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება.
ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება ასევე ნახეთ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.