საქართველოს არავისთვის უთხოვია რაიმე შეღავათი, ეს მათი გადაწყვეტილებაა - ქადაგიშვილი ფრენების აღდგენაზე

ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ თუკი რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლაზე "პროვოკაციაა", "არ ავყვეთ". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, თუ ეს პროვოკაციაა, მე მოვუწოდებ მასაც და ყველას, პროვოკაციას არ ავყვეთ. ეს არის ნომერ პირველი ანტიდოტი ასეთ შემთხვევაში...

საქართველოს არავისთვის უთხოვია რაიმე შეღავათი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია პროვოკაციის მოწყობა, ნებისმიერ მომენტში აგრესიის გამოხატვა, ალბათ, უნდა ვიცოდეთ, რომ არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც მის ამ პროვოკაციას ან სხვა ტიპის ესკალაციას, ან აგრესიას შესაძლებელს ხდის... მე მგონი, ჯობია გავაგრძელოთ სვლა იქით, საითკენაც მივდივართ და ჩვენვე ნუ შევქმნით ახალ დაძაბულობის კერას".

მმართველი პარტიის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ გაუქმებული პირდაპირი ავიარეისები რუსეთთან "დიდი ტვირთი და წვალება" იყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც იქ ცხოვრობს ან ნათესავები ჰყავს: "ეს კონკრეტულ ადამიანებს ერთგვარად მოეხსნებათ".

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი პროვოკაციად აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და უვიზო რეჟიმის შემოღებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ რუსეთის ეს ქმედება "მორიგი პროვოკაციაა".

"მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!" - წერს ზურაბიშვილი.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე მან გამართა ბრიფინგიც, რომელზეც ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

"მე კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაში არის ერთიანი.

ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ესეც მაფიქრებინებს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრის.

ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. მე დარწმუნებული ვარ, თუ სხვანაირად მოხდა, და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე თავისი პასუხი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.