საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას

ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ასე გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ეს კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში, ბერლინში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.

"ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს", - ამბობს ილია დარჩიაშვილი.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი პროვოკაციად აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას

დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება
ასევე ნახეთ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს
  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.