საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.
"მე კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაში არის ერთიანი.
ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ესეც მაფიქრებინებს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. მე დარწმუნებული ვარ, თუ სხვანაირად მოხდა, და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე თავისი პასუხი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება ასევე ნახეთ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.