ხატია დეკანოიძე პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე ხელისუფლებისთვის ჯილდოს უწოდებს

დეპუტატი ხატია დეკანოიძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, რუსეთთან უვიზო რეჟიმისა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება "ჯილდოა" იმ პოლიტიკის გამო, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

"პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება ჯილდოა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიდასავლური პოლიტიკა, ანტიუკრაინული პოლიტიკა. პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება, ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა ფრენებზე და სავიზო შეზღუდვაზე...

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას, გააძლიერებს კრემლის გავლენებს საქართველოში, ეს იქნება ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლა", - თქვა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი პროვოკაციად აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე
  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.