რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნებულია.
დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი უქმდება 15 მაისიდან და საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ ჩასვლა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 10 მაისს, გამოსცა კიდევ ერთი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ხელმოწერისთანავე გაუქმებულია საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.