საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ტერორისტული ორგანიზაციების ევროპულ სიაში შეყვანას.
Radio France Internationale-ის ცნობით, საქმე ეხება „სიმბოლურ“ ღონისძიებას. რეზოლუციის პროექტის ავტორმა, პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქცია „აღორძინების“ დეპუტატმა და საპარლამენტო ჯგუფ „საფრანგეთ-უკრაინის“ თავმჯდომარემ, ბენჟამენ ადადმა კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ აუცილებელია პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა: კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი საქმიანობა ტერორიზმია.
რეზოლუცია, კერძოდ, შეიცავს გერმანიის სადაზვერვო სამსახურების შეფასებას, რომლის მიხედვითაც, გასამხედროებული ჯგუფი „მონაწილეობდა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და წამებაში“. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ უკრაინაში „ვაგნერის“ ქმედებები შეიძლება იყოს კვალიფიცირებული, როგორც სამხედრო დანაშაული.
ფრანგი დეპუტატების მიერ მიღებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია დაქირავებულ მებრძოლთა ამ ორგანიზაციის როლი სირიისა და აფრიკის რიგი ქვეყნების, მათ შორის მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში.
23 მარტს ლიეტუვის სეიმი გახდა ევროკავშირის ქვეყნების პირველი პარლამენტი, რომელმაც მხარი დაუჭირა „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას.
მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირმა „ვაგნერი“ სანქციების სიაში შეიყვანა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში აქტიური მონაწილეობისთვის“.
უახლოეს მომავალში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები უკრაინის შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებენ - დაგმობენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას, იუწყება Radio France Internationale-ი.