ევროკომისია: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეეხება საქონელს მესამე ქვეყნებიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლა. კიევი, 9 მაისი, 2023.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს, კიევში ვიზიტისას, გამოაცხადა იმ სანქციების მე-11 პაკეტის შესახებ, რომლებიც რუსეთს უწესდება უკრაინაში შეჭრის გამო.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი პაკეტი სამი ელემენტისგან შედგება. სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება იმ აკრძალული საქონლის სიის გაფართოება, რომელიც რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. გარდა ამისა, ევროკავშირი გეგმავს, შექმნას ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს შეუშლის მესამე ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლაში.

„თუ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნებში და შემდეგ ხვდება რუსეთში, ევროკომისიამ შესაძლოა შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ“, - განმარტა ფონ დერ ლაიენმა. ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იზრდება, მისი თქმით, „უკიდურესად უჩვეულო სავაჭრო ნაკადები“. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის კომენტარებიდან გამომდინარეობს, რომ ექსპორტის შემდგომი შეზღუდვები, უპირველეს ყოვლისა, გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროსა და საავიაციო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საქონელზე.

ასევე ნახეთ ფონ დერ ლაიენი: ევროპა ყველაფერს აკეთებს პუტინის სამხედრო მანქანის განადგურებისთვის

ახალი ზომები ჯერ კიდევ განიხილება და გამოყენებულ იქნება ძალიან ფრთხილად, რისკის საფუძვლიანი ანალიზისა და ევროკავშირის ყველა წევრის მიერ დამტკიცების შემდეგ, იმოწმებს ფონ დერ ლაიენს Deutsche Welle.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი პაკეტის კიდევ ერთი ელემენტია „ჩრდილოვანი“ სტრუქტურების აკრძალვა რუსეთიდან და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ბრიუსელის სანქციებს.

კიევში გამოსვლისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანას და მის მიერ ახალი შემოსავლების მიღებას.

ევროკავშირში სააგენტო DPA-ს წყაროების თანახმად, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მეშვეობითაც ფიქსირდება ანტირუსული სანქციების თავიდან აცილების შემთხვევები, მოხსენიებულია ყაზახეთი, სომხეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ამ კვირის დამდეგს Financial Times-მა დაწერა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს რამდენიმე ჩინურ კომპანიას რუსეთისთვის ელექტრონიკის მიწოდების გამო. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღის წარმოებისთვის. საერთო ჯამში მე-11 პაკეტს ჩინეთიდან შეიძლება დაემატოს შვიდი კომპანია, რომლებიც მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა სახის ელექტრონიკას აწარმოებენ.

შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს ასევე ორ მეწარმეზე არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და ერთზე - სომხეთიდან. სანქციები შესაძლოა ირანულ კომპანიებსაც შეეხოს.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ აგრესორის დამარცხება შეგვიძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე მან და ურზულა ფონ დერ ლაიენმა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გარდა, განიხილეს კიევის წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და უკრაინის არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება ევროპიდან. ზელენსკის თქმით, მან მოითხოვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების დაჩქარება.

უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენთან საუბრისას მან გააკრიტიკა შეზღუდვები, რომლებიც ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ დააწესა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

კიევში ურზულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი იმ დღეს შედგა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები ევროპის დღეს აღნიშნავენ. გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გასცა, 9 მაისს უკრაინაშიც აღინიშნოს ევროპის დღე. ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, უკრაინა ამიერიდან 8 მაისს აღნიშნავს.

ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა დღეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ევროპის ერთიანობისა და მშვიდობის დღის აღსანიშნავად. მან გაიხსენა, რომ უკრაინა იბრძვის სწორედ იმ იდეალებისთვის, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ დღეს და ქვეყანას უწოდა „გული, რომელიც ევროპული ფასეულობებით ძგერს“.