აშშ-მა გამოაცხადა კიევისთვის 1,2 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ

პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მისი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და საარტილერიო ჭურვების საჭიროებების დაკმაყოფილებას.

პაკეტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარამდეა. ის ხორციელდება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, რომლის მიზანია უკრაინის უსაფრთხოების მოთხოვნილებების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში.

USAI-ის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო საჭირო რესურსებს ყიდულობს მრეწველობისა და პარტნიორებისგან და არ უზრუნველყოფს მათ პენტაგონის რესურსებიდან. ამიტომ, ეს განცხადება ნიშნავს უკრაინისთვის დამატებითი პრიორიტეტული შესაძლებლობების მიწოდების თაობაზე კონტრაქტების გაფორმების პროცესის დაწყებას, განმარტავენ პენტაგონში.

ახალ პაკეტში შედის:

• საჰაერო თავდაცვის დამატებითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა;

  • უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დასავლური საჰაერო თავდაცვის დანადგარების, რაკეტებისა და რადარების ინტეგრაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა;
  • დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;
  • 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
  • კომერციული სატელიტური გადაღება;
  • წვრთნა და ტექნიკური მომსახურება.

აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების წინა პაკეტი ბოლოს 3 მაისს გამოუყო. სხვასთან ერთად, მასში შედიოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ის საბრძოლო მასალა და Hydra-70 კლასის მოკლე რადიუსზე მოქმედების უმართავი „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები.

ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.