დააკავეს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი დაცვის თანხლებით გამოცხადდა უზენაესი სასამართლოს სხდომაზე დასასწრებად. ლაჰორი, 9 მაისი, 2023.

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ თავმჯდომარე იმრან ხანი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, უზენაესი სასამართლოს შენობის კომპლექსის ტერიტორიაზე დააკავეს. ის იქ 9 მაისს მივიდა კორუფციაში ბრალდებებთან დაკავშირებულ მოსმენაზე დასასწრებად. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური, რადიო „მაშაალი“, იტყობინება.

პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა აკბარ ნასირმა თქვა, რომ ხანი დააკავეს სამშენებლო კომპანიისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ადრე უარი თქვა ნებაყოფლობით გამოცხადებაზე, რაც გახდა მისი დაკავების მიზეზი.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხანი პაკისტანელი რეინჯერების თანხლებით გადის უზენაესი სასამართლოდან. „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩაარტყეს თავში და 2022 წელს თავდასხმისას დაჭრილ ფეხში.

ხანის პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მაჰმუდ ყურეშიმ, მხარდამჭერებს მოუწოდა, ოჯახებთან ერთად გამოვიდნენ ქუჩებში საპროტესტო აქციისთვის. ხანი და მისი მომხრეები უარყოფენ კორუფციის ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 2022 წლის აპრილში თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მთავრობის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით.