უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში მემორიალზე გვირგვინის მიტანის საშუალება არ მისცეს

რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს, უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა 2022 წლის 9 მაისს წითელი საღებავი შეასხეს. ვარშავა, 9 მაისი, 2023.

უკრაინელმა და უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს, 9 მაისს არ მისცეს საშუალება, გვირგვინით შეემკო წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლი პოლონეთის დედაქალაქში.

პატარა სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. იქვე მოწყობილი იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეიცავდა შეხსენებას ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ.

ელჩს და მის თანმხლებ პირებს შემოეხვივნენ შეძახილებით „რაშისტები!“ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. მოხდა შეტაკებები. თავად ანდრეევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის არ დაშავებულა. ბოლოს ის იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ თქვა, რომ შეიძლება სცადოს მოგვიანებით დაბრუნდეს და მაინც მიიტანოს გვირგვინი მემორიალზე.

9 მაისს, დილით, ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.

შარშან რუსეთის ელჩს 9 მაისს წითელი საღებავი შეასხეს ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე ჩავიდა საომარი მოქმედებებისგან თავის დასაღწევად. პოლონეთის ხელისუფლებას მკაცრი პოზიცია აქვს მოსკოვის ქმედებების მიმართ. როგორც პოლონეთის ხელისუფლება, ისე ბევრი სამოქალაქო აქტივისტი, ამტკიცებენ, რომ რუსეთის წარმომადგენლები გამარჯვების დღეს იყენებენ საბაბად, რათა გაამართლონ აგრესია.