ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 მაისს მიულოცეს ნაციზმზე გამარჯვება ვეტერანებს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. თბილისი, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი. 9 მაისი, 2023 წელი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა წელსაც ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მიულოცეს ნაციზმზე გამარჯვება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. დღეს, 9 მაისს, ამ პარკში მივიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი

"მინდა, პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი და თქვენ აღნიშნეთ, რომ შვიდასი ათასი ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. თბილისი, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი. 9 მაისი, 2023 წელი

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს აღნიშნავს.

გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე, შეწყდა ოფიციალურად. ამ დროს მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას გადმოსცა რადიომ თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.

ასევე ნახეთ გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთ

რამდენიმე წელია პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოითხოვს, საქართველომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშნოს. ამის არგუმენტია ის, რომ ქვეყანამ არჩევანი გააკეთოს და ეს დღე დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს, რითაც იდეოლოგიურად გაემიჯნება საბჭოური, რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.

ნაციზმზე გამარჯვების დღე თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნებოდა ხოლმე, თუმცა ბოლო წლებია, ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იკრიბებიან.

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები წელსაც ერთჯერადად მიიღებენ 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს.