უკრაინასთან ომის მომხრე რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, ალექსანდრ პერმიაკოვს, რუსეთში ორი თვის ვადით მიესაჯა წინასწარი პატიმრობა. მას ბრალი ედება ტერორისტული აქტისა და ჯგუფის შემადგენლობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გადატანის მუხლებით.
გამოძიების ვერსიით, 6 მაისს ნიჟეგოროდის ოლქში პერმიაკოვმა ააფეთქა ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ პრილეპინი და მისი მძღოლი ალექსანდრ შუბინი. აფეთქების შედეგად პრილეპინმა მიიღო რამდენიმე ჭრილობა, მძღოლი კი, რომელსაც მწერალი თავის მოკავშირეს უწოდებს, დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებდა, რომ პერმიაკოვმა - რომელიც უკრაინის დონეცკის რეგიონიდანაა - აღიარებითი ჩვენება მისცა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში ის ამბობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და რუსეთში 2022 წელს ჩავიდა, პრილეპინის მოკვლის მიზნით. იუწყებოდნენ, რომ ეჭვმიტანილმა ახლახან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
რუსეთის გამოძიება მომხდარში ადანაშაულებს უკრაინის სპეცსამსახურებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პრილეპინის მანქანის აფეთქებას უწოდებს ესკალაციის გამოწვევის მცდელობას იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნოს კონტროლი მოსახლეობაზე და ელიტებზე.