ანკარამ უარით უპასუხა შეერთებული შტატების თხოვნას, უკრაინისთვის გადაეცა რუსეთისგან ნაყიდი საჰაერო თავდაცვის სისტემები С-400. ამის შესახებ, სააგენტო ანადოლუს თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთმა ჩათვალა, რომ С-400-თან დაკავშირებული წინადადებები ეროვნულ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგებოდა. მინისტრის თანახმად, ვაშინგტონის კიდევ ერთი წინადადება იყო, კომპლექსებზე კონტროლი შეერთებულ შტატებს გადასცემოდა.
თურქეთმა რუსული კომპლექსების მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერა. გარიგება 2,5 მილიარდ დოლარად შეფასდა. პირველი С-400 ანკარამ 2019 წელს მიიღო. შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს ამის გამო სანქციებიც დაუწესა და ახალი თაობის გამანადგურებლის, F-35 წარმოების პროგრამიდან გარიცხა.
2022 წლის გაზაფხულზე სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ ანკარას სანქციების მოხსნა შესთავაზა, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის სანაცვლოდ. კიევი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დასავლეთის ქვეყნებს გამუდმებით სთხოვს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ყველა მოკავშირეს მიმართა არსენალში არსებული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის თხოვნით.
თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, არსებობს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის შესაძლო მარცხის ვარაუდი. ერდოანმა მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის როლის შესრულებაზე მზაობა რამდენჯერმე გამოხატა.
გასული წლის მარტში სტამბოლი მასპინძლობდა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრას სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად. ამავდროულად, თურქეთს ადანაშაულებენ რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენასა და მოსკოვისთვის სანქცირებული საქონლის გადაცემაში.