სუს-ი აცხადებს, რომ ყველფერი კეთდება ქრისტინე თაკალანძის გასათავისუფლებლად

ქრისტინე თაკალანძე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძისთვის უკანონოდ გამოტანილ განაჩენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება.

როგორც სუს-ი მიუთითებს, უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ.

ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.

ასევე ნახეთ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულ თაკალანძეს ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა