ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტები" ერქმევა

პარლამენტის წევრები: ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა, სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ.

„ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოქმედი პარლამენტის მიერ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი.

„ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.