ევროპულმა საბჭომ მოიწონა საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებელი ზომები

ევროპული კომისიის შტაბბინა. ბრიუსელი, 21 აგვისტო, 2020.

დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დახმარების ორი ზომის შესახებ, რომლებიც შეეხება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით მოლდოვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს მათი ეროვნული უსაფრთხოება, ხელი შეეწყოს სტაბილურობასა და მდგრადობას ორივე ქვეყნის თავდაცვის სექტორში.

„ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობათა მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და იმაში, რომ გააძლიერონ ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა. ეს არის დახმარების მესამე პაკეტი ორივე ქვეყნისთვის EPF-ის ფარგლებში, რაც ნათლად მიუთითებს ევროკავშირის ურყევ ერთგულებაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - ნათქვამია ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

ევროპული კომისიის თანახმად, უახლესი ზომები, რომლებიც აგრძელებს EPF-ის წინა დახმარებას, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდას და დააჩქარებს მათ შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთესად დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა კრიზისებისა და საგანგებო ვითარებათა პირობებში.

ღონისძიებები ასევე მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

საქართველო 30 მილიონ ევროს მიიღებს სამწლიანი პერიოდის განმავლობაში. ამ დახმარებით მოხდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების, ასევე ტექნიკური მომზადების დაფინანსება. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას.

მოლდოვა 40 მილიონ ევროს მიიღებს 3 წლის განმავლობაში.