მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის" კლინიკურ დირექტორს ტყუილში ადანაშაულებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"

„ვივამედის" კლინიკურ დირექტორს განცხადებით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ის აცხადებს, მისი დაცემის ფაქტის გადასამოწმებლად საჭიროა 3 მაისის ჩანაწერების ამოღება.

„ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.

ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.

გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკზე მის პირად გვერდზე გამოაქვეყნეს.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს

მიხეილ სააკაშვილმა 3 მაისს განაცხადა, რომ ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. „გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი", - დაწერა მან.

„ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ 3 მაისს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოთახში რკინის მაგიდა არ დგას. მან დაამატა, რომ არსებობს კამერის შესაბამისი ჩანაწერები.

2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაა პატიმრობაში. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.