"რეპორტიორები უსაზღვრებოდ": საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა

მედიის წარმომადგენლების პროტესტი პარლამენტში "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონპროექტის განხილვისას

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) დღეს, 3 მაისს, გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების 2023 წლის ინდექსი, რომელიც აფასებს ჟურნალისტიკის მდგომარეობას მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

საქართველო პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება და 61.69 ქულით 77-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი - 2022 წელს 59.30-ქულით იგი 89-ე ადგილზე იყო. მაგრამ გააუარესა 2021 წლის შედეგი - 2021 წლის ინდექსით, საქართველო 71.36 ქულით გაცილებით უკეთეს, მე-60 ადგილს იკავებდა.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებს 5 მაჩვენებლის: პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების კონტექსტების მიხედვით. საქართველოს ყველაზე მაღალი, 76 ქულა, აქვს სამართლებრივ და ყველაზე დაბალი, 47.17 ქულა, ეკონომიკურ კონტექსტში. ანგარიში ეფუძნება ექსპერტთა გამოკითხვას, ასევე ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის რაოდენობის ანალიზს.

საქართველო პრობლემური ქვეყნების კატეგორიაშია ევროპის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ამერიკის 55-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ სიტუაციის მიხედვით ქვეყნებს ანიჭებს ქულებს და ფერებს:

  • 85-100 ქულა - კარგი (მწვანე);
  • 70-85 ქულა - დამაკმაყოფილებელი (ყვითელი);
  • 55-70 ქულა - პრობლემური (ღია ნარინჯისფერი);
  • 40-55 ქულა - რთული (მუქი ნარინჯისფერი);
  • 0-40 ქულა - ძალიან სერიოზული (წითელი).

საქართველოში არსებული მედიაგარემოს დახასიათებისას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, რომ გარემო მრავალფეროვანია, ამავდროულად პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებული, სატელევიზიო ეთერებში ფართოდაა გავრცელებული მანიპულაცია, სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაცია, მედიამფლობელები ხშირ შემთხვევაში აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას. ამის მაგალითად მოყვანილია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" შემთხვევა, როცა სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვალა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ.

ორგანიზაცია საუბრობს „აგენტების კანონზე“, რომელიც "საბოლოოდ ქუჩის აქციების გამო ჩავარდა". ამ კანონპროექტს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ რუსული კანონის კოპიოდ მოიხსენიებს.

ანგარიშში მედიაგარემოს უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტზე საუბრისას აღნიშნულია, რომ იშვიათობას არ წარმოადგენს ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, მეტწილად საარჩევნო კამპანიების დროს. ორგანიზაცია გამოყოფს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობისა და 2021 წლის 5 ივლისის „ჰომოფობიური კონტრაქციის“ მონაწილეების მხრიდან 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმასაც.

ორგანიზაციის, "რეპორტიორები უსაზღვრებოდ", თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსით, პირველ ადგილზე ნორვეგიაა. საუკეთესო ხუთეულში მას მოსდევენ ირლანდია, დანია, შვედეთი და ფინეთი. ბოლო - 180 ადგილზე - ჩრდილოეთი კორეაა. მას ჩინეთი, ვიეტნამი და ირანი უსწრებენ.

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.