NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას მხოლოდ 20% მისცემდა

მმართველი პარტიის მხარდამჭერები ზეიმობენ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებს. თბილისი. 2017 წლის 21 ოქტომბერი

NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 3 მაისს, გამოქვეყნდა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს,
მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას. ამ გამოკითხვის მიხედვით, მმართველი პარტია მხოლოდ 20%-ს მიიღებდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 5%-ს.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია - 18-დან 35 წლამდე მოქალაქეების მხოლოდ 6% უჭერს მხარს მმართველ პარტიას. "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი 55+ ადამიანებია.

"პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება", - ასეთია კვლევის ავტორების დასკვნა. მოსახლეობის 57% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია არ არის მის შეხედულებებთან ახლოს.

ასევე ნახეთ NDI: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.