უკრაინა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, მოკავშირეებისგან მალავს მომავალი კონტრშეტევის დეტალებს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირის მქონე ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ვაშინგტონისა და კიევის მიერ ინფორმაციის გაცვლა ისევ ადრინდელ დონეზეა და არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს რამეს უმალავს.
რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მათ შორის ეხებოდა უკრაინას და მის სამხედრო პოტენციალს. საიდუმლო მასალების გაჟონვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს დააკავა ეჭვმიტანილი, ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი.
ასევე ნახეთ FBI-მ პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინისთვის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს.
შეკითხვას, გამოიწვია თუ არა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ დაძაბულობა და ნდობის დაკარგვა უკრაინასა და აშშ-ს შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პირადი გრძნობები არ ღირს იმად, რომ სახელმწიფო რისკის ქვეშ დააყენოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას რომ პუტინის წინააღმდეგ პირადი ომი ჰქონდეს და ბრძოლის ველზე მხოლოდ ორნი იყვნენ, ყველას ყველაფერს ღიად ეტყოდა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარია და შესაბამისი პასუხისმგებლობა მართებთ.