საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს აშშ-ის სამხედრო წვრთნებში - „მცველი 23“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23-ში“ (Defender 23), მონაწილეობის არმიღების საკითხზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ თემაზე ინფორმაცია მიკერძოებულად გავრცელდა, რაც, მისი შეფასებით, „წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ".

სამინისტროს განმარტებით, „დამცველი 2023-ში" მონაწილეობაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით.

სამინისტრო განმარტავს, რომ „თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023"-ის წარმატებით ჩატარების მიზნით.

უფრო მეტიც, NATO-ს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში", კერძოდ:

თურქეთში (WINTER 23);

გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23);

სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23);

ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23).

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ასევე შემდეგი სწავლებები, რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი:

თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES);

ესტონეთში (SPRING STORM 23);

პოლონეთში (CWIX 23);

ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23);

რუმინეთში (SABER GUARDIAN 23);

ინგლისში (SEA BREZZE 23);

გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19);

აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23);

იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL);

საქართველოში (MAPLE ARCH 23).

ასევე ნახეთ „პრობლემას ვერ ვხედავთ“ - საქართველო აღარ მონაწილეობს ევროპაში აშშ-ის სამხედრო წვრთნებში?

საქართველო, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს არ მონაწილეობს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ (Defender 23).

„მცველი 23“ არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, უფრო ზუსტად კი აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნები, რომელიც ყოველ წელს ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება - 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.