უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონმდებლობაში შეიტანა სიტყვა „რაშიზმი“ მას შემდეგ, რაც სამშაბათს მიიღო დადგენილება სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების, რაშიზმის პრინციპებისა და პრაქტიკის, როგორც ტოტალიტარულისა და მიზანთროპულის, დაგმობის შესახებ“.
BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, უმაღლესი რადის დეპუტატებმა დოკუმენტის ტექსტში თავი მოუყარეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების განმარტებებსა და მახასიათებლებს, რომლებითაც ამ ფენომენის მეცნიერულად ახსნას შეეცადნენ როგორც უკრაინელი, ისე დასავლელი ისტორიკოსები, პუბლიცისტები და კულტუროლოგები და რის საფუძველზეც ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა, არაპროვოცირებულმა ომმა მთელი მსოფლიოსთვის ცხადყო ვ. პუტინის პოლიტიკური რეჟიმის რეალური არსი, როგორც ნეოიმპერიული, ტოტალიტარული დიქტატურისა, რომელიც მისდევს წარსულის ყველაზე უარეს პრაქტიკებს და ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს ასხამს ხორცს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“, - ნათქვამია დადგენილების ახსნა-განმარტებით ნაწილში.
უკრაინელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მათი დოკუმენტი ხელს შეუწყობს იმას, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთიანი მიდგომა რუსეთის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საფუძვლად დაედო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას.
უმაღლესი რადის მიერ რაშიზმის შესახებ დადგენილებით უბრალოდ დადასტურდა ამ ტერმინის გამოყენების რეალობა, რომელიც დღესდღეობით ჩამოყალიბდა როგორც უკრაინის შიგნით, ასევე გარკვეულწილად მსოფლიო სამეცნიერო დისკუსიაშიც, განმარტავს BBC.