ავტორი: ირინა რურუა
ყოველთვის როცა თვალები მიწყლიანდება და ცხვირი მეწვის ვხვდები რომ რაღაც, რაც იმ წუთებში პირველად ,,გავსინჯე’’ წარმოუდგენლად ემოციურია.
ემოციური თუმცა არა სენტიმენტალური, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
უფრო ზუსტად კი ხისტი, პირდაპირი და ხშირად დაუნდობელი სიზუსტით აღწერილი ამბები თხრობის სტილის გარდა ავტორის მნიშვნელოვან თვისებებზე გვიყვება.
თვისებებზე, რომლებმაც ვფიქრობ ჯერ მისი გადარჩენა და შემდეგ ვირჟინი დეპანტად ქცევა შეძლეს.
“მე ვლაპარაკობ ჩემს, როგორც ქალის, ადგილზე, ქალისა რომელიც ყოველთვის ზედმეტად არის ის, რაც არის: ზედმეტად აგრესიული, ზედმეტად ხმაურიანი, ზედმეტად სქელი, ზედმეტად უხეში, ზედმეტად გაჩეჩილი..”
ჯიუტად საკუთარ თავად დარჩენის პრაქტიკული მაგალითების პარალურად კი უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებისგან ყველაზე ნაკლებად სწორედ ზედმეტად საკუთარ თავად ყოფნას მოითხოვენ. უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარჩე საკუთარ სხეულში საკუთარი თავი.
პოეტურად ჟღერს სანამ თავად არ გამოცდი და თუკი მსგავსი განცდა ერთხელ მაინც გაგჩენია ხვდები, რომ მტკივნეულად რეალურია ყველაფერი რასაც “თეორია კინგ კონგში “ ვირჟინი დეპანტი ყვება.
წიგნი საკუთარი თავის აღმოჩენის მასტერკლასია.
გაცნობიერებული გზა, რომელსაც ვირჟინი თავად ირჩევს და კრიტიკულ მომენტებში პასუხისმგებლობის აღებასაც არ ერიდება.
ჯიუტ არჩევანზე დარჩე საკუთარი თავი ცხოვრების ყველა ეტაპზე რადაც არ უნდა დაგიჯდეს.
ყველა ტკივილს და ბედნიერ მომენტებს ახალი აღმოჩენებისთვის მომართავ და აგრძელებ გზას მორიგი თავგადასავლისკენ, რომელიც ისეთივე ექსპერიმენტია, როგორიც თავად ცხოვრება.
“ოდნავადაც არ ვგრძნობ სირცხვილს იმის გამო, რომ სუპერმაგარი ნაშა არ ვარ. სამაგიეროდ, მაცოფებს, როცა როგორც ქალს, რომელიც მამაკაცებს ნაკლებად აინტერესებს, მუდმივად მაგრძნობინებენ, რომ საერთოდ არ უნდა ვარსებობდე.
ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხსენებაც არ ყოფილა მამაკაცების რომანებში, რომლებშიც ისინი მხოლოდ ისეთ ქალებს წარმოიდგენდნენ, როგორებთანაც თავად ისურვებდნენ დაწოლას. ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით, ჩვენ ხმა არ ამოგვიღია. დღესაც კი როცა ქალები უამრავ რომანს აქვეყნებენ, იშვიათად შეხვდებით უხეირო თუ უღიმღამო გარეგნობის პერსონაჟ ქალს, მამაკაცის შეყვარებისა თუ მოხიბვლის უნარი რომ არ გააჩნია.”
რომანტიზებისგან დაცლილი კონტექსტები პირდაპირ და კრიტიკულ ხმად აქცევს ავტორს, რომელიც ხმამაღალ ტონალობაში, მობოდიშების გარეშე საუბრობს და ვინ იტყვის რომ ამის უფლება არ აქვს?
კინკ კონგის თეორია კინორეჟისორისა და რომანისტის ვირჟინი დეპანტის წიგნია, რომელიც პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა.
სათაური მინიშნებაა 2005 წელს გამოსული პიტერ ჯექსონის ფილმიდან, რომელზე საუბარსაც ავტორი წიგნში ვრცლად განაგრძნობს და კინ კონგს სექსუალობის მეტაფორად განიხილავს .
“კინკ კონგი მდედრისა და მამრის მიღმაა. იგი ადამიანის და ცხოველის, ზრდასრულისა და ბავშვის, კეთილისა და ბოროტის, პირველყოფილისა და ცივილიზაციის, თეთრისა და შავის მიჯნაზე იმყოფება. იგი შერეულია და წინ უსწრებს იძულებით ორობითობას.”
წიგნი კრიტიკულ თეორიებს, ფემინისტურ მანიფესტსა და ავტორის პირად გამოცდილებებს აერთიანებს. ვირჟინი საკუთარი ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს განიხილავს, გვიყვება პარიზში სექს მუშაკად მუშაობის გამოცდილებაზე და საუბრობს ჯგუფური გაუპატიურების ტრავმაზე, რომელიც 17 წლის ასაკში საფრანგეთში ავტოსტოპით ლაშქრობისას შეემთხვა.
ქალად ყოფნა მუდმივად შიშის, დამცირების, უცხო სქესად ყოფნის გამოცდილებაა.
ხშირად რთულად ან საერთოდ არ სჯერათ ქალების, რომლებიც ძალადობაში ამხელენ, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ, რადგან ყოველთვის არსებობს ფარული ეჭვი მსხვერპლის დადანაშაულებისა.
“თუ მართლა არ გვინდოდა, რომ გავეუპატიურებინეთ, ან შევაკვდებოდით, ან მათ დავხოცავდით. ნებისმიერ შემთხვევაში, მოძალადეები ახერხებენ თავის დარწმუნებას, რომ თუ ქალი ძალადობას ცოცხალი გადაურჩა, ესე იგი, ამას იგი მაინცდამაინც არ შეუწუხებია.”
გმირობას მოითხოვენ ქალებისგან, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა და პრობლემაში გამორკვევა ერთდროულად უწევთ. ჩვენ ხომ გამუდმებით ზომიერებისკენ მიგვითითებენ და არასოდეს ავიწყდებათ შეგვახსენონ ზედმეტი უადგილო მანერულობა, შეუფერებელი ჩაცმის სტილი, წესები რომლებიც ჩვენთვის გამოიგონეს და წესები რომლის ფუნქციაც საკუთარ თავში ეჭვის შეტანაა. საკუთარი თავის დამნაშავედ აღიარება. გვაჯერებენ რომ ის რასაც ჩვენ წინააღმდეგ თავად გეგმავენ უნდა გვცოდნოდა.